მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, მშობელთა კომიტეტი

 მუხლი 47.  მოსწავლეთა თვითმმართველობა
1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ამ კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
3. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით,  გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის  პრინციპების დაცვით.
4. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები
მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий