დირექცია

 მუხლი 41. დირექცია
1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან.
2. დირექტორი შეიძლება იყოს ამ კანონის შესაბამისად არჩეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, 3 წლის მუშაობის სტაჟი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. დირექტორი აირჩევა 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა შეიძლება  ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, და ამ მონაცემს აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ.
4. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედამდე, შესაბამისი ანაზღაურებით. მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით.
6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება. (17.03.2006. N2793)

მუხლი 43. დირექტორის ფუნქციები
1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შ
ემთხვევებისა;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს;
დ) შეიმუშავებს  საშტატო განრიგს;
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ; (17.03.2006. N2793)
ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ  გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად;
ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას; (28.03.2007. N4530)
ნ1) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე; (27.12.2006. N4129)
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. (17.03.2006. N2793)
2. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად. (17.03.2006. N2793)

Комментариев нет:

Отправить комментарий